ღვინის კომპანია „როიალ ხვანჭკარა“ 2015 წელს დაარსდა.
„ხვანჭკარას“ ისტორია საუკუნეებს მოიცავს. რაჭული ღვინის დაყენების უძველესმა მეთოდებმა სრულყოფილებას მე-19 საუკუნეში რაჭის თავადების, დიმიტრი და ლუარსაბ ყიფიანების წყალობით მიაღწია. ასე შეიქმნა სახელგანთქმული „ყიფიანის“ ღვინო“, რომელიც დღეს „ხვანჭკარას“ სახელითაა ცნობილი. კომპანია „როიალ ხვანჭკარას“ მთავარი გამოწვევა სწორედ წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაცოცხლება და რაჭის მეღვინეობის უმდიდრესი კულტურის აღდგენა გახდა.
დღეს კომპანია „როიალ ხვანჭკარა“ ღირსეულად აგრძელებს რაჭული ღვინის წარმოების უნიკალურ ტრადიციას. საგულდაგულოდ შერჩეულ ნაკვეთებზე გაშენებული, სათუთად მოვლილი ვენახები, დახვეწილი ტექნოლოგია და პროფესიონალიზმი - ამ კომპონენტებში იმალება ნაზი და ხავერდოვანი ღვინის საიდუმლო.
„როიალ ხვანჭკარას“ ვენახები 18 ჰექტარზეა გაშენებული რაჭის 5 სოფელში: სადმელის ჭალა, ქოველი, ტოლა, ჟოშხა და ჭყვიში. ვენახების მდებარეობა იდეალურ პირობებს ქმნის უძველესი ადგილობრივი ჯიშებისთვის – ალექსანდროული, მუჯურეთული, უსახელაური და ცოლიკოური. მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირის სამხრეთ-დასავლეთ ფერდობებზე, ზღვის დონიდან 780-800 მეტრ სიმაღლეზე შეფენილი ვაზი უმაღლესი ხარისხის მოსავალს იძლევა.
ყურძენს განსაკუთრებულ თვისებებს ნიადაგისა და კლიმატის სრულყოფილი კომბინაცია ანიჭებს. განუმეორებელ გემოს კი ზომიერი ტემპერატურა, ტენიანობა, კრიალა ჰაერი და მზიანი დღეების რაოდენობა განსაზღვრავს.